საქართველო აზიასა და ევროპას შორის მდებარე, ორ ზღვას შუა გაშლილი უძველესი ქვეყანაა. აქ თქვენ დაგხვდებათ საოცარი ბუნება, კულტურა, არქიტექტურა, ანტიკური ხანის ქალაქები, ზღვა, მთა და რაც მთავარია გამორჩეული ქართული სტუმართმოყვარერეობა. ეს არის ქვეყანა, რომელიც საუბრობს და წერს უძველესი ენითა და დამწერლობით. ჩვენი დამწერლობა მსოფლიოს 14 დამწერლობათა შორის ერთ-ერთია.

თუ დააკვირდებით საქართველოს რუკას მიხვდებით აქ უამრავი მთაა, მუდმივი თოვლით შემკული, ქათქათა მყინვარებით მოვერცხლილი კავკასიონის ქედის დიდი და პატარა მთებით და თვალუწვდენელი მწვერვალებით –  10 მათგანი ალპების უმაღლეს მწვერვალ მომბლანზე მაღალია. მთებს ქვეყნის ¾ უკავია და თქვენ შეგიძლიათ იქ მშვენივრად დაისვენოთ, გაერთოთ და ადრენალინიც მიიღოთ. თუ ალპინისტი ხართ შეგიძლიათ ულამაზესი უშბა და თეთნულდი დაიპყროთ, თუ თოვლი გიყვართ სვანეთს, მესტიას ესტუმროთ ან გუდაურში ისრიალოთ.

გირჩევთ ნახოთ საქართველოს უმშვენიერესი ქალაქები: ქუთაისი, სიღნაღი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი  ულამაზესი სასტუმროებით, რესტორნებით, კაფე-ბარებით, სასეირნო ხეივნებით და ყველაზე მთავარი  რბილი, ალერსიანი შავი ზღვით, რომელსაც ძველი ბერძნები ევქსინოს ზღვას (ანუ სტუმართმოყვარე ზღვას) ეძახდნენ. თუ სამკურნალო ქვიშა გჭირდებათ ურეკში დაისვენეთ. მაგნიტური ქვიშა უთუოდ მოგიხდებათ. აუცილებლად ნახეთ საქართველოს უნიკალური კუთხე 1000 კოშკის საუფლოდ წოდებული სვანეთი.

გირჩევთ ნახოთ მუზეუმები (თბილისში, ზუგდიდში, წინანდალში, მესტიაში, ახალციხეში…) იქ გასაოცარ ექსპონატებს დაათვალიერებთ და უკვე საქართველოს ისტორიასაც კარგად შეიცნობთ. უნდა ნახოთ საოცრებები – კლდეში ნაკვეთი ქალაქები : უფლისციხე, ვარძია, დავით გარეჯის კომპლექსი. და მაინც საქართელოს უპირველესი ღირსება მისი კეთილი, სტუმართმოყვარე, მშვიდობიანი ადამიანები არიან, რომლებიც გაგიმასპინძლდებიან ცნობილი ქართული სამზარეულოთი და უნიკალური ღვინით.

მაშ ასე ეწვიეთ საქართველოს. თქვენ საინტერესო და დაუვიწყარი მოგზაურობა გელით.

  • თბილისი (სრული ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ ღილაკს)

    დედაქალაქი თბილისი თავისი 1500 წლიანი ისტორიით მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ზღვის დონიდან 380-600 მ სიმაღლეზე. თბილისის დაარსების ისტორია მე-5 საუკუნით თარიღდება და უკავშირდება ქართველ მეფეს ვახტანგ გორგასალს. დედაქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდაც რომლის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ნადირობის დროს   ქართველი მეფის, ვახტანგ I გორგასლის  მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვენილან. ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს.

    საუკუნეების განმავლობაში თბილისში გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანები. აქ შეხვდებით მართლმადიდებლურ ეკლესიებს, სინაგოგას, მეჩეთებს, კათოლიკურ ტაძრებს. ჩვენს დედაქალაქში შეხვდებით ბევრ  უძველეს ეკლესიასა და ისტორიულ ადგილებს, ისეთებს როგორიცაა: აბანოთუბანი, ნარიყალა, მეტეხი, ანჩისხატი, სიონი, სამება და მრავალი სხვა.

    აბანოთუბანისაქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია, სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს. ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ..

    ნარიყალა –  IV საუკუნის უძველესი ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის.

    მეტეხი – ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად “არემარეს სასახლის ირგვლივ” ნიშნავს.. ამ ადგილზე, V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს.

    ანჩისხატი – VI საუკუნის ქრისტიანული ტაძარია თბილისში, ნაშენია თლილი ქვით. ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის მონასტრიდან მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნამდე უცნობია.

    სიონი – V საუკუნის II ნახევარში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო.

    სამება წმინდა სამების საკათედრო ტაძარი ამიერკავკასიაში სიდიდით პირველ მართმადიდებლური ტაძარია, რომელიც აშენდა 1995-2004 წლებში. ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში – 4. მისი სიმაღლე 86.10 მეტრია.

    დედაქალაქ თბილისის უძველეს იერს კარგად ერწყმის ქალაქის თანამედროვე სახე. გარდა უძველესი ღირსშესანიშნაობებისა აქ უხვადაა თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობები. ამასთანავე აქტიური გართობის მოყვარულბს რესტორნები, ბარები, ღია ვერანდები, კაზინოები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.  მათთვის ვისაც სურს გაეცნოს ქართულ ხელოვნებას ხშირად იმართება ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმღერის კონცერტები, ქართველი მხატვრების გამოფენები. გარდა ამისა ჩვენი დედაქალაქი  კინოსა და თეატრის მოყვარულებსაც სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს. ფუნიკულიორიდან კი შესაძლებლობა გაქვთ გადმოხედოთ დედაქალაქის ულამაზეს ხედს.

This post is also available in: ინგლისური, რუსული